1995 წელს ზაზა ხუციშვილმა დამოუკიდებლად სიმღერების წერა დაიწყო. როდესაც საკმარისი რაოდენობა დაუგროვდა, თავის მეგობარს, ვალერი კოჩაროვს გამოართვა ოთხარხიანი მაგნიტოფონი, რომელზეც ჩაწერა დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმი, გიტარა, ბას-გიტარა, შემდეგ დაადო ხმა და მისი სიმღერები ”ფორმაში მოიყვანა”. როდესაც სიმღერებმა საბოლოო სახე მიიღო, ჩათვალა, რომ მისაღები იქნებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებასაც მოესმინა, ამიტომ გადაწყვიტა ჯგუფის შექმნა. პირველი, ვისაც დაუკავშირდა იყო ირაკლი სანაია, რომელიც ”ჯუკბოქსში” კლავიშზე უკრავდა და მისი შემოქმედება ყოველთვის ძალიან მოსწონდა. მანვე შესთავაზა ზაზას მინდია გაბაშვილი. ჯერ კიდევ არ ჰყავდათ ნანახი ბას-გიტარისტი, როდესაც ფესტივალ ”მარგარიტა 96”-ის ორგანიზატორებმა გამოსვლა და დაკვრა შესთავაზეს. მოგვიანებით ვალერი კოჩაროვის ჯგუფის გიტარისტს, ზაზა სახანბერიძეს სთხოვეს ფესტივალზე გამოსვლისთვის მათაც დახმარებოდა და ბას-გიტარაზე დაეკრა.
”ვაკის პარკს” გამოშვებული აქვს ექვსი ალბომი, ერთ-ერთი მათგანია ”ვაკის პარკი მეგობრებთან ერთად”, რომელშიც შესულია დუეტები ცნობილ მომღერლებთან: მერაბ სეფაშვილთან, ნანი ბრეგვაძესთან, ”ცისფერ ტრიოსთან”, ნინო სურგულაძესთან ერთად. ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ქვეყანაში აქვს დაკრული. სიმღერების ტექსტისა და მუსიკის ავტორია ზაზა ხუციშვილი. ჯგუფის შემოქმედებაში ხშირია სხვადასხვა ცნობილი კომპოზიციების ქართული ვერსიები.
სტუდიური ალბომები
მე და შენ — ორნი (1997)
დაბლა — მაღლა (1999)
ვაკის პარკი მეგობრებთან ერთად (2001)
ახალი დღე (2003)
Pop-Rock (2004)
Underground (2012)
ჯგუფის შემადგენლობა
ზაზა ხუციშვილი – გიტარა, ვოკალი
ირაკლი სანაია – გიტარა, კლავიშები,
გიორგი სამსონაძე – ბასგიტარა,
მინდია გაბაშვილი – დასარტყამი ინსტრუმენტები.
ჯგუფს 2014 წლიდან შეუერთდნენ ნათია თოდუა და თათია ყურაშვილი.