shineyd_okonnor_2

Sinead O’Connor-მა ჯგუფი U2 ტერორისტების გვერდით დააყენა

ირლანდიელი მომღერალი ქალი შინედ ო’კონორი ჯგუფ U2-ს უსურვებს, მათი უკანასკნელი ალბომი Songs of Innocence ოფიციალურად უკეთესი ფორმით გამოსცეს. მისი აზრით, ჯგუფმა ბოლო ალბომი iTunes-ის საშუალებით ძალით შეტენა ბევრ ადამიანს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც საერთოდ არ იცნობდნენ ჯგუფის შემოქმედებას. შინედმა „დეილი მეილისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა: „ის ნაბიჯი, რაც მათ iTunes-ზე გადადგეს, განკიცხვის ღირსია. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს ტერორისტულ აქტს, ან რაიმე მსგავსს… რაც უნდა კეთილი განზრახვა გქონდეს, არ შეიძლება ადამიანთა ცხოვრებაში მსგავსი მეთოდებით უხეშად ჩაერიო. ჩემი აზრით, ეს ცუდი მენეჯმენტის შედეგია“.

საერთოდ, შინედ ო’კონორი საკმაოდ შეუწყნარებელია ზოგიერთი სხვა კოლეგის მიმართაც. ალბათ გახსოვთ, როგორ მოუწოდა მან მაილი საირუსს „შოუ-ბიზნესისთვის მისი მეძავად ჩამოყალიბების უფლება არ მიეცა“. ამჯერად მან საირუსზე ასე განაცხადა: „მაილის თუ უნდა, ყელში დოლარები ჩაიყაროს, ან თავისი თითქმის შიშველი სხეულით მოიწონოს თავი. ეს მისი საქმეა, მაგრამ არა იმ გარემოში, სადაც არასრულწლოვნებს მისგან მაგალითის აღება შეუძლიათ. არანაირი გამართლება არა გაქვს, როცა შენ არასრულწლოვნების წინაშე ასეთი უგუნური საქციელის დემონსტრირებას ცდილობ, რადგან ეს საბავშვო პროსტიტუციის განვითარებას უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში, მას ბავშვების სიკვდილი მოსდევს“.

მსგავსი ბრალდებით ო’კონორმა მომღერალი ლედი გაგაც გააკრიტიკა, რომელმაც თავის თაყვანისმცემლებს „მასტურბაციის იმიტირება“ შესთავაზა. შინედის თავდასხმის ობიქტი მისი ძველი მეგობარი და სონგრაიტერი პრინციც კი გახდა, რომელსაც მან „კოშმარული პიროვნება“ უწოდა. მომღერალმა ჟურნალისტს გაუმხილა, რომ პრინცთან ერთხელ ხელდახელ იჩხუბა. მუსიკოსი ამჯერად მემუარებს წერს. რამდენიმე თვის წინ მან თავისი მე-10 ალბომი I’M Not Bossy, I’m The Boss გამოუშვა. აქვე გთავაზობთ მუსიკოსის ახალ ვიდეოს, რომელიც სწორედ აღნიშნული ალბომში შესული სიმღერის მიხედვით გადაიღეს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours