ed43c3a1

Scott Walker & Sunn O))) — Soused

მუსიკა, რომელიც მხოლოდ მათ დააინტერესებთ, ვისაც ხმაურში სილამაზის დანახვა შეუძლია. სკოტ უოლკერი უნიკალური მოვლენაა პოპ მუსიკის მიღმა სამყაროში. 71 წლის მომღერალი 60-იან წლებში რამდენიმე საესტრადო ჰიტის ავტორი იყო, ნამდვილი მაჩო სმოკინგით. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა რამდენიმე ათწლეული და ის ექსტრემალური მუსიკის ამომავალ ვარსკვლავად იქცეოდა, თან არც თუ ისე მცირე ასაკში. 1995 წელს უოლკერმა გამოუშვა ალბომი “Tilt”, რომელიც მაშინვე გენიალურად აღიარეს. ის ნოიზისა და ექსპერიმენტალური მუსიკის სხვადასხვა უცნაურ ჟანრს აერთიანებდა. 11 წლიანი პაუზის შემდეგ გამოდის ალბომი “Drift”, რომელიც წინამორბედზე უფრო მძიმე და “საშინელი” აღმოჩნდა; 2012 წელს ალბომი “Bish Bosch”, რომელმაც ღირსეულად დაასრულა ტრილოგია. ის აღემატებოდა ორივე წინა ალბომს, როგორც ინსტრუმენტალური მხრით, ასევე კონცეპტუალურად და საერთო ატმოსფეროთი. თან ეს ალბომი ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა, ზოგიერთი სიმღერის ხანგრძლივობა 20 წუთსაც კი აღემატებოდა და აი 2014 წელი, უოლკერი ახალ ალბომს ლეგენდარულ დრონ ჯგუფთან Sunn O))) -სთან ერთად წერს. ალბომმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ის ნამდვილი აღმოჩენაა მუსიკალური გურმანებისთვის.

მუსიკალური მხარე8.6
ალბომის გარეყდა8.1
8.4

გააზიარე პოსტი