PJ Harvey-01

PJ Harvey ლექსების წიგნს გამოუშვებს

ინგლისელი მომღერალი ქალი ფი ჯეი (იგივე პოლი ჯინ) ჰარვი 2015 წლის შემოდგომისთვის თავისი პირველი წიგნის The Hollow Of The Hand-ის გამოსაცემად ემზადება. ეს იქნება ლექსების კრებული, რომელსაც პოლი ჯინი ფოტოგრაფ და ფილმმეიკერ შეიმუს მერფისთან (Seamus Murphy) თანაავტორობით გამოუშვებს. The Hollow Of The Hand ჰარვისა და მერფის 2011 – 2014 წლებში კოსოვოში, ავღანეთსა და ვაშინგტონში მოგზაურობათა ნაყოფია. მომღერალი და ფოტოგრაფი სამოგზაუროდ მას შემდეგ გაემგზავრნენ, რაც PJ Harvey-ის 2011 წლის ალბომი Let England Shake გამოვიდა.

SP_Seamus-Murphy-PJ-Harvey

Seamus Murphy & PJ Harvey

New Musical Express-თან საუბრისას პოლი ჯინმა აღნიშნა: „მეორადი წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება ძალიან შორს იყო იმისგან, რაზეც მინდოდა დამეწერა. მსურდა შემესუნთქა ჰაერი, შემეგრძნო მიწა და გავცნობოდი ადამიანებს ქვეყნებიდან, რომლებმაც მომხიბლეს. ჩემს მეგობარ შეიმუს მერფის ერთობლივ პროექტზე შევუთანხმდი, – მე სიტყვები უნდა შემეკრიბა, ის ფოტოებს შეაგროვებდა და სადაც უნდა წავსულიყავით, ჩვენ ვენდობოდით საკუთარ ინსტინქტებს“.

შეიმუს მერფიმ კი განაცხადა: „პოლი მწერალია, რომელსაც ფოტოგრაფია უყვარს, ხოლო მე ფოტოგრაფი ვარ, რომელსაც სიტყვები უყვარს. მან მთხოვა რამდენიმე ფოტოს და რაიმე ვიდეოს გადაღება მისი ბოლო ალბომ Let England Shake-თვის. ძალიან დავინტერესდი და თავგადასავალიც დაიწყო, რომელმაც ამ წიგნის სახით ახალი ფორმა შეიძინა. ეს ჩვენი ხედვაა სამყაროზე“.

წელს, რამდენიმე თვის წინ, ფი ჯეი ჰარვიმ ნიქ ქეივის სიმღერის Red Right Hand-ის გადამღერებული ვერსია ჩაწერა, რომელიც სერიალ Peaky Blinders-ში აჟღერდება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours