ჯგუფი Rotting Christ: თბილისში დაგვაკავეს როგორც „სატანისტები და ტერორიზმში ეჭვმიტანილები“

Rotting Christ ცნობილი ბერძნული მეტალ ბენდია, რომელმაც საქართველოში 12 აპრილს კონცერტი გამართა.
ბენდის ლეიბლმა კი დღეს Rotting Christ-ის სოლისტის საკის ტოლის განცხადება გაავრცელა, რომელიც ამბობს, რომ კონცერტამდე 12 საათის განმავლობაში იყო აეროპორტში დაკავებული. მისი თქმით, ბენდის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები და პასპორტები, დაკავებამდე კი არ დაუსახელებიათ მიზეზი.

„ჩვენმა ადვოკატებმა მოგვიანებით შეგვატყობინეს,რომ ჩვენ ქვეყნის უშიშროების არასაურველი პირების სიაში ვიყავით, როგორც სატანისტები და ამასთან ტერორიზმში ეჭვმიტანილები“

შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ აეროპორტში ბენდის წევრები არ დაუკავებათ.

„არავინ არ დაუკავებიათ და ისინი ჩვეულებრივად შემოვიდნენ ქვეყანაში. უბრალოდ შეფერხებული იყვნენ აეროპორტში საბუთების გადამოწმების მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში

ნახეთ სრულად რას ჰყვება Rotting Christ-ის სოლისტი:

„Rotten Chris საქართველოში საეჭვო ვითარებაში დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით, სავარაუდოდ ბენდის სახელის („ხრწნადი ქრისტე“) გამო. ბენდის სოლისტი საკის ტოლი ჰყვება:
„ჩვენ თბილისში 12 აპრილს დილით ძალიან ადრე ჩამოვფრინდით, საზღვარზე საბუთების რეგულარული შემოწმების შემდეგ, მე და ჩემი ძმა პოლიციელმა გაგვაჩერა მაშინ, როდესაც აეროპორტს ვტოვებდით. რამდენიმე წუთის შემდეგ გვიბრძანეს, რომ პოლიციას გავყოლოდით აეროპორტის შენობის სხვა ნაწილში თითქოს იმისთვის, რომ ქვეყანაში შესვლამდე რამდენიმე კითხვა უნდა დაესვათ. ამის ნაცვლად პასპორტები და ტელეფონები ჩამოგვართვეს და საკანში გაგვიძღვნენ. როდესაც დაკავების მიზეზის ახსნას ვითხოვდით, მარტივად გვპასუხობდნენ, რომ ეს ინფორმაცია „კონფიდენციალური“ იყო.
ჩვენმა ადვოკატებმა მოგვიანებით შეგვატყობინეს,რომ ჩვენ ქვეყნის უშიშროების არასაურველი პირების სიაში ვიყავით, როგორც სატანისტები და ამასთან ტერორიზმში ეჭვმიტანილები.

წინასწარი გაფრთხილებისა და ოფიციალური ახსნის გარეშე, ჩვენ დაკავებულები აღმოვჩნდით, პატარა და საკმაოდ ბინძურ საკანში. არ გვაძლევდნენ გარესამყაროსთან ან სამართლებრივ წარმომადგენელთან ან საელჩოსთან დაკავშირების საშუალებას 12 საათის განმავლობაში. ცუდი პირობები იყო და არც რაიმე სახის ინფორმაციას გვაწვდიდნენ ამ ხნის განმავლობაში.

საბედნიეროდ მხოლოდ ბენდის სოლისტის გვარი იყო ამ სიაში და ბენდის ორმა წვერმა ადგილობრივ ორგანიზატორებთან ერთად დაიწყეს მცდელობა, რომ გავეთავისუფლებინეთ პატიმრობიდან და დაგვეწყო სამართლებრივი პროცედურები. დიდი ძალისხმევა და რთული პროცედურების გავლა გახდა საჭირო, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო. ადგილობრივი ორგანიზატორის დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლის ექსპერტების, ასევე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩართულობით ჩვენ საბოლოოდ გაგვათავისუფლეს. განსაკუთრებით მადლიერი ვართ იმ ადამიანების, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. საბოლოოდ ჩვენ შევძელით რომ გვემღერა და ეს იყო შესანიშნავი ღამე. ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მეტალ-ძმებს მათი მხარდაჭერისთვის!“, – წერია განცხადებაში

ROTTING CHRIST-მა ქვეყანა სომხეთის გავლით დატოვა გართულებების გარეშე

სტატია მოამზადა ჟურნალმა “ლიბერალი”

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours