c4ec8398d657

რევიუ: სეპულტურა თბილისში

კარგი საჩუქარი მეტალის ქართველ მსმენელებს.

ისტორიული კონცერტი საქართველოსთვის

საქართველო დიდი ჯგუფების ხშირი სტუმრობით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ბოლო წლებში ქართველმა ხალხმა საქართველოში რამდენიმე საკმაოდ ხარისხიანი და პოპულარული ჯგუფის მოსმენა მოახერხა. ყოველგვარი შელამაზების გარეშე რომ ვთქვათ, საქართველოს მხოლოდ ორი ლეგენდარული ჯგუფი სწვევია: ‘დიფ ფარფლი’და ‘სეპულტურა’. თავად განსაჯეთ, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როკის და მეტალის მსმენელთათვის ამ ჯგუფის ჩამოსვლა. ‘სეპულტურას’ ჩამოსვლა განსაკუთრებით სასიამოვნო იყო თრეშ მეტალის მსმენელთათვის, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან და საკმაოდ ხშირად დადიან თურქეთში, უკრაინასა თუ სხვა ახლომდებარე ქვეყანაში თავიანთი საყვარელი შემსრულებლების მოსასმენად.

კონცერტამდე…

ქართველი მსმენელი უკვე მიეჩვია, რომ ნებისმიერი დაბალი თუ მაღალი დონის ჯგუფის კონცერტი დაგვიანებით იწყება. გამონაკლისს არც ეს კონცერტი წარმოადგენდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 20:00 კარის გაღების დრო იყო, ხოლო კონცერტის დაწყება 21:00 სთ-ზე იგეგმებოდა, კონცერტის დაწყება ძალიან დიდი ხნით არ დაგვიანებულა. თან ისეთი კარგი ხმა იყო, ეს ლოდინი ამისთვის ნამდვილად ღირდა. ორგანიზატორები კარგად მოიქცნენ, როდესაც კონცერტი ხალხის შესვლისთანავე დაიწყეს და სხვა კონცერტებისგან განსხვავებით კლუბში შესვლის შემდეგ უაზრო ლოდინი მსმენელებს არ მოუწიათ.

აქვე ვიტყვი, რომ სამეგრელოდან, შემდეგ კი როგორც გავარკვიე ქალაქ სენაკიდან სეპულტურას რამდენიმე მსმენელი იყო ჩამოსული, რომელთაც დიდი პლაკატი მოჰქონდათ. სამწუხაროდ, დაცვამ ბიჭებს ეს პლაკატი არ შეატანინა. სავარაუდოდ იმ მიზეზის გამო, რომ პლაკატს ჯოხები ჰქონდა, თუმცა ისინი ჯოხების მოხსნას და ისე შეტანას ითხოვდნენ, რაზეც რატომღაც ასევე უარი მიიღეს.

ადგილი…

კლუბის ადგილის გარკვევა ბევრისთვის ამოუხსნელი ამოცანა იყო, მაგრამ როგორც ვნახე კლუბი არც თუ ისე მოუხერხებელ ადგილას ყოფილა. კლუბამდე მიდის ორი ავტობუსი და ბევრი მიკრო-ავტობუსი. მოკლედ აღნიშნულ ადგილამდე ტაქსის გარეშე მისვლა, ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს. კლუბი ძველი, გაუქმებული ქარხნის ადგილზეა გაკეთებული, მის ირგვლივ კი რამდენიმე საამქრო იყო. კონცერტის დაწყებამდე საკმარისი დრო მქონდა იქაურობის დასათვალიერებლად და იქვე ახლოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაც კი აღმოვაჩინე. იმ შენობაში კი სადაც კლუბი მდებარეობს, პირველ სართულზე საამქრო იყო, სადაც მეტალს ადუღებდნენ. შიგნით კი კლუბი სლემისთვის და ‘სიკვდილის კედლისთვის’ მოუმზადებელ ადგილად გამოიყურებოდა, მაგრამ კლუბი სავსე არ ყოფილა და რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, მაგრამ შემდეგში უსაფრთხოების მეტი ზომები თუ იქნება გამოყენებული უკეთესია (მაგალითად მსმენელი თუ იქნება დაზღვეული, რომ თავი დაჟანგულ რკინას არ მიარტყას, რისი ალბათობაც სავსე კლუბში ბევრად დიდი იქნება).

კონცერტი

ჯგუფის ბევრ მსმენელს ვოკალისტი დერიკ გრინი საკმაოდ ბევრი მიზეზის გამო გულზე არ ეხატება და ეს განწყობა კონცერტამდე წარმოთქმულ კომენტარებში აშკარად იყო, თუმცა გრინმა ყველას თუ არა ბევრს (მათ შორის მეც) აზრი შეაცვლევინა. მისი ვოკალი და სცენაზე მოქცევა ნამდვილად საქებარი სიტყვების ღირსია.
‘სეპულტურა’ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა თბილისში. მათი სეტლისტი ნამდვილად იდეალურთან მიახლოებული იყო და გამონაკლისი არც თბილისი ყოფილა. მსმენელები კი თავს არ ზოგავდნენ და ჯგუფის წევრებისგან წამოსულ განწყობას სათანადოდ პასუხობდნენ. მსმენელებში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია სიმღერის
‘territory’ დაკვრამ. იყო სლემი და ‘სიკვდილის კედელი’, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი კონცერტის ფინალი იყო, როდესაც მათ ორი ყველაზე პოპულარული ტრეკი ratamahatta და roots bloody roots დაუკრეს. Ratamahatta_ს დაკვრის წინ გრინმა ქართული ჯგუფი vanilla cage იხმო. სცენაზე ბედნიერი სახით კი ვოკალისტი თეო ჩიტიშვილი და გიტარისტი ნენსი ცქიტიშვილი გამოვიდნენ. აქვე მივულოცავ გოგონებს ამ უბედნიერეს წუთებს. ცნობისთვის წელს ბრაზილიურმა ჯგუფმა ერთ-ერთ კონცერტზე ლეგენდარულ სტივ ვაისთან ერთად დაუკრა.

ეპიკური სანაგვე კასრი

თუ ratamahatta_ს დროს კლუბში არ იყო ადამიანი, რომელიც არ მოძრაობდა, roots bloody roots-ის დაკვრის დროს ხალხთან ერთად უმოძრაოდ არც სანაგვე კასრი დარჩენილა. რომელიც თითქმის ბოლომდე იყო ნაგვით სავსე, მაგრამ მის გადმოყირავებას და მუსიკალურ ინსტრუმენტად ქცევას ფანები არ მოერიდნენ. კონცერტის ბოლოს კი კასრი მაღლა აღმართეს და ბიჭებს ანახეს, რომ დაბლა ჩვენც არანაკლებ “ვუბერავთო”.
აქვე დავძენ, რომ ეს კასრი ეპიკური პირადად ჩემთვის მანამდეც აღოჩნდა, რადგან კონცერტის დაწყებისთანავე ხელი გამიჭრა და მთელი კონცერტის მანძილზე სისხლის გაჩერებით ვიყავი დაკავებული. მადლობა ბარმენს, რომელმაც ჩემი ჭრილობისთვის არყის დასხმა არ დაინანა და ტეტანუსისგან დამიცვა.

ჯგუფის კომენტარი კონცერტზე

“ეს იყო საუკეთესო შოუ და საუკეთესო ადგილი, სადაც დაგვიკრავს.” – სწორედ ეს განაცხადეს კონცერტის ბოლოს ჯგუფის წევრებმა. ისინი თბილისის კონცერტს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურნენ შემდეგი კომენტარით. “გუშინდელი დღის შესახებ თბილისში….დიდი მადლობა, რომ თქვენი ემოციები ჩვენთან გაიზიარეთ. საქართველო, ეს იყო გასაოცარი ღამე.”

მადლობა Locomotive Promotion_ს

აქვე მადლობას ვუხდი Locomotive Promotion_ს, რომელმაც მეტალის ქართველ მსმენელებს კარგი საჩუქარი გაუკეთა. სწორედ მათი ორგანიზებით ჩატარდა პროგრესული როკის ფესტივალი, სადაც ნორვეგიულმა ჯგუფმა LEPROUS დაუკრა. ხალხის ოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ფესტივალი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ამან ისინი არ შეაფერხა და უფრო დიდი გამოწვევა აიღეს საკუთარ თავზე. მე ვთვლი, რომ ამ კონცერტმა იმედები მეტწილად გაამართლა და იმედი მაქვს, მათი ორგანიზებით კიდევ ბევრი მაღალი დონის ჯგუფის შესრულებას ვიხილავთ.

 

აქვე გთავაზობთ კონცერტზე მობილურით გადაღებულ ვიდეოებს

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours