მძიმე ჯვარი

ჯგუფი „მძიმე ჯვარი“, Heavy Cross, ქართული როკ/მეტალ ჯგუფი. მოღვაწეობს 1988 წლიდან.

ქართული მძიმე როკ/მეტალ-სცენის ერთ-ერთი პიონერი და ლიდერი ჯგუფი „მძიმე ჯვარი“ შეიქმნა 1988 წელს და შექმნისთანავე აქტიურად ჩაერთო ქართულ როკ მოძრაობაში, რაც გამოიხატებოდა მრავალრიცხოვანი კონცერტებით, გასტროლებითა და ფესტივალებში მონაწილეობით. 1990 წელს ჯგუფი წარმატებით გამოვიდა ლიეპაეს საერთაშორისო როკ -ფესტივალზე და მოიპოვა საპატიო ლაურეატის წოდება.

წლების განმავლობაში აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობასთან ერთად ჯგუფი დაკავებული იყო საკუთარი მუსიკის შექმნით. ჯგუფის შემადგენლობაში ხდებოდა ცვლილებები, ხოლო 2001 წ. ჯგუფმა განიცადა მძიმე დანაკლისი: გარდაიცვალა დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელი დავით („ზიბო“) ზიბზიბაძე, რომელიც კოლექტივში 1995 წლიდან მონაწილეობდა. პირველი სტუდიური ალბომის, „Mzime Jvari“ გამოცემა მხოლოდ 2002 წელს მოხერხდა. ალბომი წარმოადგენდა 1997-2002 წლებში დაწერილი სიმღერების ნაკრებს და მიეძღვნა დავით ზიბზიბაძის ხსოვნას.

2005 წელს ჯგუფი გახდა კონკურსი „პატრინოტი“-ს გამარჯვებული სიმღერით “ვალი ქართვლისა (…ხუთჯვრიანი დროშა)”. ამ კონკურსში მონაწილეობასთან ერთად, ლევან კაპანაძე და ლევან ბეიტრიშვილი იღებენ მიწვევას პროექტში „WE REMEMBER“ („ჩვენ გვახსოვს“) მონაწილეობის მისაღებად, ისინი სხვა მონაწილეებთან ერთად აქტიურად ერთვებიან მუშაობაში და საერთო ძალებით იქმნება სიმღერა „WE REMEMBER“.

2007 წელს გამოდის ახალი ალბომი „FanX“ („ფენიქსი“), ვოკალისტ გოგა იორამაშვილთან ერთად, რომელიც „მძიმე ჯვარში“ 1995-97 წლებშიც მოღვაწეობდა. „FanX“ სტილისტურად საკმაოდ მრავალფეროვანია და ჯგუფის ძველ მუსიკასთან შედარებით მნიშვნელოვნად მძიმე ჟღერადობა აქვს.

2008 წლის დასაწყისში „მძიმე ჯვრი“ დატოვა გიტარისტმა გიორგი ჩუბინიძემ, ხოლო ჯგუფის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ლიდ-გიტარისტმა მამუკა ჩიხლაძემ გადაწყვიტა საკუთარ სოლო პროექტზე მუშაობა, რის გამოც იგი დროებით გამოეთიშა ჯგუფის საქმიანობას. გიტარისტის გარეშე დარჩენილი „მძიმე ჯვარის“ არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა გიტარისტ გუჯა მჭედლიშვილზე, რომელთან ერთადაც „მძიმე ჯვარი“ 2008 წლის 1 ივნისს დიდი წარმატებით გამოვიდა Tbilisi BLITZKRIEG Metal Fest 2008- ზე. ამავე წლის ზაფხულში „მძიმე ჯვარმა“ მიიღო მიწვევა თურქეთის ერთერთ წამყვან ყოველწლიურ საერთაშორისო როკ-ფესტივალ BarisaRock-Rock for Peace 2008-ზე. ფესტივალზე გამგზავრებამდე გაიმართა „მძიმე ჯვარის“ გამოსამშვიდობებელი კონცერტი ჯგუფის მეგობრებთან რეზი აბესაძესთან და ნიკა ლეშენკოსთან ერთად. ამის შემდეგ რეზი აბესაძემ მიიღო ჯგფუში დარჩენის წინადადება, რომელზეც იგი დათანხმდა. 2008 წლის 9 აგვისტოს „მძიმე ჯვარი“ უკვე რეზი აბესაძესთან ერთად გამოდის 80000 მსმენელის წინაშე BarisaRock-Rock for Peace 2008-ზე როგორც ჰედლაინერი. „მძიმე ჯვარის“ გამოსვლას ომის, ძალადობის, რასიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მეტი მნიშვნელობა შესძინა იმ დღეებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ.

ჯგუფის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მამუკა ჩიხლაძე „მძიმე ჯვარში“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, ლევან კაპანაძესთან და დიმიტრი ოგანესიანთან ერთად თავის ახალ პროექტზე სამუშაოდ. რის შედეგადაც დღესდღეობით ჯგუფი პარალელურად ორ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს.

ჟანრი: მძიმე როკი, მძიმე მეტალი, თრეშ მეტალი.

ჯგუფის შემადგენლობა

გოგა იორამაშვილი—ვოკალი
ლევან კაპანაძე—ბასი, ვოკალი
გუჯა მჭედლიშვილი—გიტარა
რევაზ აბესაძე—გიტარა
დიმიტრი ოგანესიანი—დასარტყამი

ყოფილი წევრები

ლევან ბეიტრიშვილი—ვოკალი
დავით ზიბზიბაძე—-დასარტყამი
გიორგი ჩუბინიძე—გიტარა
მამუკა ჩიხლაძე—გიტარა

მომზადებულია ვიკიპედიის სტატიის მიხედვით

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours