tbilisi_international_festival

თბილისის კინოფესტივალის დღიურები (ნაწ. I)

30 ნოემბერს თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალმა აიღო სტარტი.

ფესტივალი ქართული ფილმით “მოირა” გაიხსნა. ფილმის ჩვენებაზე შესვლა მხოლოდ მოწვეულ პირებს და ჟურნალისტებს შეეძლოთ. თავიდან სიტყვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, თბილისის მერის მოადგილე, ფესტივალის დამაარსებელი და სხვა ოფიციალური პირები გამოვიდნენ. ფილმის დაწყებამდე კი ფილმის რეჟისორი ლევან თუთბერიძე გამოვიდა სიტყვით, რომელმაც ფილმზე მომუშავე ყველა პირი იხმო სცენაზე. ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა და ფილმიც დაიწყო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე და კინომოყვარულთა ქართულ ფორუმზე არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის ყურების შესაძლებლობა ყველას არ მისცემია მის დეტალურად განხილვას არ ვაპირებ.

ქართული ფილმების პოპულარიზაცია ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ. სწორედ ამიტომ არსებობს ქართული პანორამის სექცია.

პირველ დეკემბერს საღამოს ფესტივალზე ვანო ბურდულის ფილმი “გაყინული შადრევნების წელიწადი” წარმოადგინეს. ეს ფილმი თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ხასიათის, ასაკის, სოციალური ფენისა თუ ეროვნების ადამიანთა ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ფილმს, რასაც ვერ დავუკარგავთ ის არის, რომ ნაცნობი ისტორიების და სახეების ნახვა მას საკმაოდ საინტერესოდ საყურებელს ხდის. ფილმი განსაკუთრებული ფასეულობებით არ გამოირჩევა, მაგრამ როგორც იტყვიან, “გემრიელად” საყურებელი ფილმია. ფილმი მეორე დღეს დილით აჩვენეს განმეორებით.

საღამოს რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა შვედური ფილმის “A Pigeon Sat on a Branch Reflecting on Existence” ჩვენება. ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა და სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ ბილეთების გასაყიდად თადარიგის ადრე დაჭერა იყო საჭირო. ბევრი უბილეთოდ დარჩა, თუმცა მათ ფილმის ყურება კიბეებზე დაჯდომის საშუალებით მაინც მიეცათ, რის გამოც დიდი მადლობა ფესტივალის სტაფს. მოკლედ, პირადად მე ამ ფილმზე უფრო დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ დიდი ფილმი რომ არის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როი ანდერსონი უამრავი იუმორით გაჟღენთილი პერსონაჟით და სცენებით ქმნის ჯაჭვს, რომელიც მაყურებელს საკმაოდ ბევრ საფიქრალს უტოვებს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ფილმის ბოლოს ორი სცენა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ამ ჯაჭვს კრავს.

ასევე აღვნიშნავ, საკმაოდ ლამაზი პეიზაჟებით სავსე თურქულ ფილმს Were Dengê Min: Come To My Voice, რომელსაც მართალია დიდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ ურიგო საყურებელი ნამდვილად არ ყოფილა.

ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი ფილმი ფესტივალზე არის სლოვაკური Koza, რომელიც ასევე კონკურსში მონაწილეობს. ეს ფილმი ყველა სპორტსმენის კოშმარია, რომელიც მათ ხშირად წარმოუდგებათ თვალწინ. ის გარემო, სადაც ფილმის სიუჟეტი მიმდინარეობს, განსაკუთრებით შეესაბამება იმ განწყობას, რასაც ფილმი ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მხოლოდ 75 წუთი მიმდინარეობს, სავსებით საკმარისია რეჟისორის სათქმელის გადმოსაცემად. ამ ფილმის ნახვა ყველა სპორტსმენისთვის განსაკუთრებით სავალდებულოდ მიმაჩნია, რადგან რეალობასთან ძალიან ახლოსაა. რეალობასთან, რომელიც მოქმედი სპორტსმენისთვის მხოლოდ კოშმარებში არსებობს.

ფესტივალზე აჩვენეს საკმაოდ კარგი ქართული დოკუმენტური ფილმები. ჩემი განსაკუთრებული მოწონება “სომალის ტყვეებმა” დაიმსახურა, რომელიც 2010 წელს სომალში დატყვევებული ქართველების ისტორიას ძალზედ საინტერესოდ და დრამატულად გადმოგვცემს.

აქვე აღვნიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმს “მექელეხე”. დიდი ხანია მოკლემეტრაჟიან ფილმს ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. იმედია ტელევიზიებიც გამონახავენ ამ ფილმისთვის ცოტა დროს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. საკმაოდ კარგი საყურებელი იყო სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც, მაგალითად “მამა”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours